ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომენტარი გააკეთა: „ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდეს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმისთვის რომ, მოსწავლეებმა დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან, მუშაობს ინსტრუქციებზე, რომლებიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.
სასწავლო პროცესის ამგვარი მოდიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას სწავლა აქამდე დადგენილ ვადებში დასრულდეს.
სამინისტრო ასევე ამზადებს რეკომენდაციებს სკოლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას.
აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტი 16 მარტამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ.