საქართველოში პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის კიდევ ერთი მხარდაჭერა განხორციელდა გერმანიის მთავრობის მიერ. ამჯერად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), პროგრამის "კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ,,სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის“ გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განვითარების მიზნით, განახორციელა საქართველოში ლოგისტიკის დარგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სუსტად განვითარებული მიმართულების - საწყობის ლოგისტიკის - სასწავლო ბაზის მატერიალურ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვა.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასაწყობე ლოგისტიკის სიმულაციური გარემო, რომლითაც პროფესიულ სტუდენტებსა და პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მსმენელებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეიძინონ სპეციფიკური ცოდნა და პროფესიულ უნარები საწყობის ლოგისტიკაში. GIZ-ის მხარდაჭერა ლოგისტიკის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით ამით არ სრულდება. შემოდგომაზე დაგეგმილია ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ადგილობრივი ლოგისტიკური ფირმის წარმომადგენელი შეისწავლის Simul8-ისა და Soloplan-ის პროგრამული პაკეტების გამოყენებას და მომავალში ახალი თაობის პროფესიული მომზადების პროცესში ჩაერთვება.
ლოგისტიკაში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მნიშვნელოვნება დაფუძნებულია საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობით მისი სატრანსპორტო-სატრანზიტო მნიშვნელობის გაძლიერებაზე, რაც თავისთავად ხელს უწყობს ლოგისტიკის დარგის დინამიურ განვითარებას და მასთან ერთად სასაწყობე მეურნეობის მზარდ საჭიროებასაც. პარალელურად, გამოწვევაა შრომის ბაზრის სწრაფად ცვლადი მოთხოვნების შესაბამისი რაოდენობისა და კომპეტენციის სამუშაო ძალის მომზადებაა. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ გერმანიის მთავრობის დახმარებით, კოლეჯს შესაძლებლობა მიეცა, წვლილი შეიტანოს ლოგისტიკის სექტორისთვის საჭირო ადამიანური კაპიტალის, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების განვითარებაში.
კოლეჯი დიდ მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) გაწეული მხარდაჭერისათვის და გამოთქვამს სრულ მზაობას შემდგომი თანამშრომლობისთვის, რომელიც ლოგისტიკის დარგის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად .
პროგრამა "კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და GIZ-ის მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.