ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ახორციელებს ინკლუზიური განათლების დანერგვას, რაც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა ჩართვას სასწავლო პროცესში და მათთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფას.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სასწავლო პროცესში სრულყოფილ ინტეგრირებას კოლეჯი ახორციელებს ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტების, სსსმ პირის ასისტენტის, სსსმ პირის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირისა და კვალიფიციური პროფესიული განათლების მასწავლებლების მეშვეობით.
საჭიროების შემთხვევაში კოლეჯი უზრუნველყოფს სსსმ პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჟესტური ენის თარჯიმნის, სივრცითი ორიენტაციისა და მობილობის ტრენერის, გადაადგილების მხარდამჭერის და სპეციალური მომვლელის ჩართვას.
საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას/მოდულს და წარმოადგენს მის მოდიფიკაციას (მისაღწევი სწავლის შედეგების თვისობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებას) და/ან აკომოდაციას (სწავლებისა და შეფასების მიდგომებში ცვლილებას მისაღწევი სწავლის შედეგების ცვლილების გარეშე) და შესაბამისად, აზუსტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტისთვის საჭირო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.