ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა წარმატებით განახორციელა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვისა და განვითარების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს „რკინის გზით" წარსულიდან მომავლისაკენ" პირველი ეტაპი.
პირველი გასვლითი აქტივობა მიზნად ისახავდა საქართველოს რკინიგზის მდიდარი ისტორიის გაცნობას და ისტორიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო ობიექტების მონახულებას. პროფესიული სტუდენტები ეწვივნენ ისეთ მნიშვნელოვან სარკინიგზო კვანძებს, როგორიცაა: ფოთი, სამტრედია და შორაპანი. ასევე, მათ გაიცნეს ნიკო ნიკოლაძისა და აკაკი წერეთლის ფასდაუდებელი ღვაწლი საქართველოს რკინიგზის განვითარების საკითხებში.
აქტივობა განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე:
1. ფოთის რკინიგზის სადგური - აქ პროფესიულ სტუდენტებთან ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიება;
2. სამტრედიის N1 საჯარო სკოლა - წარდგენილ იქნა პრეზენტაცია, ჩატარდა სპორტული აქტივობები და გარემოსდაცვითი აქცია სკოლის მოსწავლეებთან ერთად;
3. დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი - სტუდენტები გაეცნენ ნიკო ნიკოლაძის ფასდაუდებელ ღვაწლს რკინიგზის განვითარებაში და მის სხვა დამსახურებებს; პროფესიულმა სტუდენტებმა დააკავშირეს ისტორიული ცოდნა თანამედროვე რეალობას და იმსჯელეს მომავალ გამოწვევებზე.
4. შორაპანი - მოხდა პირველი ორთქლმავლის მონახულება;
5. ზაზა ფერაძის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლა ,სადაც მოსწავლეებთან მოხდა პრეზენტაციის წარდგენა და გამწვანების აქცია;
6. სხვიტორი - დათვალიერებულ იქნა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი და წარდგენილ იქნა პრეზენტაცია რკინიგზის დაარსებასა და განვითარებაში მისი დამსახურების შესახებ.
სტუდენტებმა მიიღეს ინტერაქციული საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც აერთიანებდა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ ვიზიტებს ისტორიულ და თანამედროვე სარკინიგზო ობიექტებზე. აქტივობამ დიდი ემოცია გამოიწვია მონაწილეებში, რომლებმაც გამოხატეს პატივისცემა საქართველოს რკინიგზის ისტორიული ფესვებისა და ღირებულებების მიმართ.
პარტნიორ სკოლებთან ერთად განხორციელდა სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების ღონისძიებები და სპორტული აქტივობები. ამან ხელი შეუწყო კოლეჯსა და სკოლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, რეგიონების
გააქტიურებას, თემში მცხოვრები ადამიანების მრავალმხრივ განვითარებას და მათ დაინტერესებას პროფესიული განათლებით.
ამ აქტივობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც პროფესიული სტუდენტების, ისე სკოლის მოსწავლეების:
• ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში;
• რკინიგზის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გააზრებაში თანამედროვე კონტექსტში;
• სოციალური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების აუცილებლობის გააზრებაში;
• კულტურული მემკვიდრეობის დაფასებაში;
• მომავლის ხედვის ჩამოყალიბებასა და მოტივაციის ამაღლებაში.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მადლობას უხდის ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ამ შესაძლებლობისთვის!