ევროპის რკინიგზების მოძრაობის მართვის სისტემა - ამ თემაზე საერთაშორისო სარკინიგზო გაერთიანების (UIC) ექსპერტებმა ახლად დაფუძნებულ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ლექცია ჩაატარეს. უცხოელი ტრენერების საქართველოში ჩამოსვლა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ხორციელდება. საქართველოს რკინიგზა პროფესიული ტრენინგების ჩატარებასა და კვალიფიციური კადრების გადამზადებაში აქტიურად მონაწილეობს. UIC-ის საგანმანათლებლო და საკადრო მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ახლად დაფუძნებული სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მხარდაჭერისა და ევროპის სარკინიგზო პროფესიულ სასწავლებლებში რკინიგზის თანამშრომელთა გადამზადების საკითხები განიხილეს. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ.