ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯს ესტუმრა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ერეკლე
კეჟერაშვილი საქართველოში მიმდინარე სარკინიგზო რეფორმისა და კოლეჯთან სამომავლო თანამშრომლობის
შესაძლებლობების განხილვის მიზნით.
აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვან ცვლილებებს
ითვალისწინებს მემანქანეთა პროფესიული განათლების სფეროში. მისი ძირითადი მიზნებია
დარგის მოდერნიზაცია, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და
საქართველოს სარკინიგზო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. რეფორმის ერთ-ერთი
მთავარი მიმართულებაა მემანქანეთა პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესება,
რაც მოიცავს როგორც საბაზო პროფესიულ სწავლებას მართვის მოწმობის მიღებას, ისე სასერტიფიკატო
სწავლებას მემანქანის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.
ამ მიზნების მისაღწევად, ვიზიტის ფარგლებში
სააგენტოს წარმომადგენლებმა კოლეჯის ხელმძღვანელობას წარუდგინეს პრეზენტაცია
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის გაცემისა და სერტიფიცირების ახალი
პირობების შესახებ. ამასთან, მათ ისაუბრეს ამ მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში
უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ახორციელებს პროგრამას
"ლოკომოტივის მართვა". არსებული
პროგრამა ქმნის საფუძველს კოლეჯსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შორის
სამომავლო თანამშრომლობისთვის რეფორმის პროცესში. კოლეჯის გამოცდილება და
რესურსები შესაძლოა გამოყენებულ იქნას პრაქტიკული სწავლების გაუმჯობესებისთვის,
ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებისა და რეგულაციების პრაქტიკული
იმპლემენტაციისთვის.