ისრაელის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება რან გიდორი სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯს ეწვია, რომელიც აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის
გამოწვევის კორპორაციის გრანტის მიმღები და კერძო-საჯარო პარტნიორობის
თვალსაჩინო მაგალითია.
შეხვედრას
ესწრებოდნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე,
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წარმომადგენლები, კოლეჯის ადმინისტრაცია
და სტუდენტები.
კოლეჯის
დირექტორმა მანანა მოისწრაფიშვილმა ელჩს დეტალურად გააცნო კოლეჯის
საქმიანობა, წარუდგინა დაარსების დღიდან დღემდე მიღწეული შედეგები და
სამომავალო გეგმებზე ესაუბრა. ელჩმა გიდორმა წარმატებები უსურვა კოლეჯის
სტუდენტებს და ადმინისტრაციას და გააცნო ისრაელის საერთაშორისო
თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს საქმიანობა და მოუწოდა კოლეჯის
სტუდენტებსა და პედაგოგებს ისარგებლონ MASHAV_ის პროგრამის
შესაძლებლობებით.
სარკინიგზო
ტრანსპორტი კოლეჯი 2015 წელს დაარსდა. დღეს, კოლეჯში 1000-მდე სტუდენტი
სწავლობს, მათ შორის 200-მდე გოგო სტუდენტია. სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯის სტუდენტი, მარიამ გვეტაძე 2021 წლის პროფესიული განათლების
საუკეთესო სტუდენტის კატეგორიაში ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია.